სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის იმ "ცრუ ნარატივები" გამო გამოთქვეს შეშფოთება, რომლებმაც "ღირსეული პარტნიორის" წვრთნების გადადება გამოიწვია.
საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა რუსულ ოკუპაციასა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
"სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი თავდაცვის მინისტრ ჩიქოვანს შეხვდნენ. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო, რამაც გამოიწვია „ღირსეული პარტნიორის" წვრთნების გადადება.
მათ ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების უნიკალურ სიტუაციაზე და რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ასევე, მტკიცე კავშირებზე და თანამშრომლობაზე, რომელიც ამერიკულ და ქართულ ძალებს შორის გრძელდება. მათ დაადასტურეს შეერთებული შტატების ერთგულება, გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები", - წერს აშშ-ის საელჩო.